საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

რა არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა -

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები -

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:I. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში) რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1-ით (საბაზისო პაკეტი). თუ დაზღვეულ მოქალაქეს 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და მიიღებს მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურებას, ასევე ექთნის მომსახურებას უფასოდ. ასევე სრულად დაუფინანსდება სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზები, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, განსაზღვრული ჩამონათვალში - დანართი N1.2 (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი), მშობიარობა (ლიმიტი 500 ლარი) და საკეისრო კვეთა (ლიმიტი 800 ლარი).II. ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.4-ით (ვეტერანების პაკეტი);III. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით (მიზნობრივი ჯგუფი);IV. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის მე-2 პუნქტით (ასაკობრივი ჯგუფი).

როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად -
გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ, შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული,სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.